ნიკოლოზ ხორავა

ხორავა ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე _ საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაიბადა 1905 წელს სოფ. ბარცხანაში (ბათუმის მახლობლად). პირველდაწყებითი განათლება ბათუმის საქალაქო სასწავლებელში მიიღო, 1924 წელს იქვე დაამთავრა ტექნიკუმი. შემდეგ სწავლობდა თბილისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე, თუმცა ორი თვის შემდეგ იძულებული გახდა ბათუმში დაბრუნებულიყო დედის გარდაცვალების გამო. ბათუმში მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზაზე. თეატრისადმი დიდმა სიყვარულმა მიიყვანა რკინიგზის კლუბთან არსებულ თეატრის დასში. 1925 წელს ის შევიდა ბათუმის თეატრთან არსებულ ექსპერიმენტულ სტუდიაში, რომელსაც რეჟისორი მიხეილ ქორელი ხელმძღვანელობდა. 1927 წელს ის თბილისში გადავიდა მტკიცე გადაწყვეტილებით _ გამხდარიყო პროფესიონალი მსახიობი. ნიკოლოზ ხორავას მსახიობად ჩამოყალიბებაში მიხეილ ქორელის გარდა დიდი როლი შეასრულეს რეჟისორებმა გაბო ღვინიაშვილმა, კოტე მარჯანიშვილმა. ის თამაშობდა ქართულ და რუსულ თეატრებში, 1943 წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 23 როლი, მათ შორის: მწყემსი ანელიე (,,ადვოკატი პატლენი“), ვიშნევსკი (,,შემოსავლიანი ადგილი“), აბდუშაჰილი (,,ბაში-აჩუკი“), როშაქი (,,ლამპარი“), კრუტიცკი (,,უეცარი სიმდიდრე“). ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია მედლით ,,შრომითი მამაცობისათვის“