რუსუდან ხორავა
დაიბადა 1954 წელს ქ. ფოთში, ცნობილი ლოტბარის, პროფესიონალი დირიჟორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის არჩილ ხორავას ოჯახში, რომლის სახელსაც სამართლიანად ატარებს ქ. ფოთის სახელოვნებო სასწავლებელი. რუსუდან ხორავას ოჯახში, წინაპრებიდან დაწყებული, ყველა მომღერალი და ქართული ხალხურის სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო.
რ. ხორავა სწორედ წინაპრების კვალს გაჰყვა და გასაკვირი არაა, რომ მისი შემოქმედება ეროვნულ მუსიკალურ ფესვებზე მყარად დგას.
კომპოზიტორმა საწყისი მუსიკალური განათლება ქ. ფოთში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციოს ფაკულტეტზე (ალექსი მაჭავარიანის კლასი), რომელიც 1979 წელს დაამთავრა, ხოლო 1982 წელს-ასპირანტურა.
მას შექმნილი აქვს: სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტები, 4 ნაწილიანი რომანტიკული სიმფონია მეცო-სოპრანოსა და სიმფონესი ორკესტრისათვის, საბალეტო სიუტა „სინათლის ძალა“, კამერელ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომანსები, საესტრადო სიმღერები, ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, საბავშვო გუნდები და სიმღერები, კონცერტინო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, საფორტებიანო პიესები, კერძოდ „ელეგია“, მთიულური“ და „ექსპრომტი“. რამდენიმე წელია შესულია თბილისის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის რეპერტუარში. რ. ხორავას საბავშვო მუსიკალური კომედია „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმატებით დაიდგა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
რაც შეეხება გუნდებს – მისი გუნდები შესრულდა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეტში: ბელგიაში, ლატვიაში, იტალიაში, ბულგარეთში, თურქეთში, ინგლისში, კერძოდ ოქსფორდსა და სტრადფორდში (შექსპირის სახელობის მუზეუმში) დედოფლის დარბაზში, ხოლო რუსეთში – გერგიევის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე.
კომპოზიტორი-აკადემიკოსი რუსუდან ხორავა გახლავთ:
1. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საგუნდო სექციის თავმჯდომარე;
2. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი;
3. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი;
4. საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის „ქალდეას“ წევრი;
5. ფაზისი მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
6. კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური ფესტივალის ჟურის წევრი;
7. კომპოზიტორთა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების მრავალგზის ლაურეატი;
8. საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამხატვრო საბჭოს წევრი;
9. ფოთის საპატიო მოქალაქე;
10. მიღებული აქვს: მადლობები, სიგელები და დიპლომები.