ნიკო ხორავას დაჯილდოვება თამარ მეფის ორდენით
1917 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებმა მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით, გერმანული წყალქვეშა ნავით საქართველოში (ფოთსა და ანაკლიას შორის) საიდუმლოდ შემოიტანეს დიდძალი იარაღი და ფული. შემოზიდული იარაღის დაბინავებაში დიდი წვლილი შეიტანა სამეგრელოს მთავრის ყოფილმა მოურავმა ნიკო ხორავამ, რომელიც თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვეს. მისი დაჯილდოების ამბავი ამაღელვებლად აქვს გადმოცემული მიხაკო წერეთელს: ,,შევედით სახლში და მოგვეგება პატრონი მისი, შესანიშნავი მოხუცი ნიკო ხორავა… მივართვით თამარის ორდენი, რომელიც 1916 ქართული კომიტეტისაგან იყო დაარსებული. ნიკომ აიღო თამარის ორდენი, დახედა თამარ დედოფლის სურათს, განაპყრო ხელები და თქვა სახარების სიტყვები: აწ განუტევე მონა შენი, უფალო, რამეთუ ვიხილე მაცხოვრებაი შენი… თამარის ქვეყანაში, მისი ქვეყნის განთავისუფლებისათვის ხალხი მეწვია ჩემს ქოხში“.